X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძემ უნგრეთის მთავრობის წევრებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა

21 აპრილი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.

საქართველოს დელეგაციამ, ირაკლი ქარსელაძის ხელმძღვანელობით, ორმხრივი შეხვედრები უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოსთან, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იანოშ ლაზართან და რეგიონული განვითარების მინისტრ ტიბორ ნავრაჩოჩთან გამართა.

შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და ამ თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და აღნიშნეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საჭიროება.

ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე და მისი შესრულების ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო  ინფრასტრუქტურის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის, ურბანული განახლების და სხვა მიმართულებით.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2023 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობითა და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებით, საქართველო ასრულებს ევროპასთან ფიზიკური კავშირისა და ევროპისა და  სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების  მნიშვნელოვან მისიას.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით, წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე. 

უნგრელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას გაუზიარეს მშენებლობისა და პროექტების მართვის წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე დარგების მიხედვით, როგორც ინსტიტუციური და საკანონმდებლო გაძლიერების, ისე სტანდარტების და ევროპული რეგულაციების დანერგვის მიზნით, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს მიღწეული პროგრესის კიდევ უფრო გასაზრდელად.

საქართველოს დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ ბუდაპეშტის წყალმომარაგების კომპანიისა და არა სახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი სადგურის საქმიანობას.